უკან

ზურა შევარდნაძე | მწვანე ინტერვიუ

30.04.2020

„სახლში ბევრი მცენარე კარგი ენერგიის წყაროა, თვალისთვის საამებლად და სულისთვის სანკურნებლად.“
ზურა შევარდნაძე - მებაღე, "გარდენია"-ს დამფუძნებელი


რას ნიშნავს მებაღეობა თქვენთვის?

როცა მეკითხებიან სად ვცხოვრობ, ვპასუხობ რომ - ბაღში. აქ მძინავს, აქ ვმუშაობ, აქ სტუმარს ვმასპინძლობ... ბაღის ნაწილი ვარ. ცალკე მე არ ვარსებობ. სხვანაირად არ ვიცი ცხოვრება, არც წამომიდგენია და არც, ჩემს თავს ვიცნობ სხვანაირს. მცენარეების გარეშე არ მიცხოვრია არც ერთი დღე. სულ ვიცოდი, რომ დამოკიდებული ვარ მათზე. ჩემთვის მებაღეობა მარტო პროფესია არ არის, ცხოვრების წესია. პირველ პლანზე უნდა გყავდეს მცენარე და ის უნდა გკარნახობდეს თითოეულ ნაბიჯს. სხვანაირად მებაღე ვერ იქნები. საჭიროა თავის გადადება. ხასიათით ძალიან მომთმენი უნდა იყო. მცენარეს რომ თესავ, თუ იმაზე იფიქრე, როდის გამოიღებს ნაყოფს მაშინ, ამ საქმეს გულს ვერ დაუდებ. მცენარე თუ იქნება კარგად, მეც ვიქნები კარგად. ის რომ დარდობს, განიცდის, რაღაც უჭირს, მაშინ, მეც შეწუხებული ვარ. თუ ვიცი, რომ ჩემს ირგვლივ ყველაფერი მორწყულია, გასხლული, მოვლილი, ნაპატრონები... მაშინ მშვიდად ვარ. ვცდილობ, ჩემს გარშემო ნაკლებად იყვნენ შეწუხებული მცენარეები.

რამდენადაა გაზრდილი ინტერესი თქვენი პროფესიისადმი და რას ურჩევდით დაინტერესებულებს?

ინტერესი ბოლო წლებში დიდია. მიზეზი ალბათ ისაა, რომ შესაძლებლობები გაჩნდა. მშიერი კუჭით არავის ეყვავილება. ვფიქრობ, მე ისეთ პროდუქტს გთავაზობთ, რომელიც დალხინებული ადამიანისთვისაა, ვინც თავისი ძირითადი პრობლემები მოაგვარა და საცხოვრებელი სივრცის გალამაზებაღა დარჩა.
ყველა ახალმოსახლეს ვურჩევდი, თავისთვის კომფორტული გარემო შეიქმნას. ჩემთვის კომფორტული გარემო სხვისთვის კომფორტულს არ ნიშნავს. მე მყუდროდ ვარ იქ, სადაც ბევრი მცენარე და ესთეტური ნივთია. არიან ადამიანები, რომლებსაც სტერილურ გარემოში ურჩევნიათ ცხოვრება. რამდენიმე ჩემს მეგობართან სახლში აღარ დავდივარ იმიტომ, რომ მათი სამზარეულოები გავს ლაბორატორიას. ასეთ სახლებში ვგრძნობ თავს როგორც უცხო სხეული. კარგია, თუ გარემო იქნება ფერადი და ცოცხალი, ეს მცენარეების გარეშე არ გამოდის.

რომელი მცენარეები მიესადაგება ჩვენს კლიმატს და რომელს გვირჩევდით აივნებისთვის, ტერასებისთვის?

მთავარია, კონკრეტული ადგილისთვის შეარჩიოთ ასორტიმენტი. სწორად  დარგული ბაღი ადვილი მოსავლელია. თუ არჩევანში შეცდი, გაწამდები. არასწორ დროს ყვავილობენ. ავადდებიან. ზაფხულში ფოთლები ეწვებათ  სიცხისგან. ზამთარში ყინვა აზიანებთ. მომწონს ეს ყვავილი და, ამიტომ მინდა  დავრგო ჩემს ბაღში - არასწორი მიდგომაა. აჯობებს, ის მცენარეები შეიძინოთ,  რომლებიც კონკრეტულ გარემოში იგრძნობენ თავს კარგად.

საქართველოში  ზაფხულში ძალიან ცხელა, ამიტომ პეტუნიებისგან ისეთი  გადაბრდღვიალებული, ფერადი აივნები არ გამოდის, როგორიც ევროპაში  გვინახავს. დარგეთ ამპელური როზმარინი, ლავანდა, ცინერარია მშვენივრად იზრდება, გაზანიები ხარობენ ჩვენთან არაჩვეულებრივად, ვერვენა, გერანების ზოგიერთი ჯიშიც, მინიატურული ვარდები კომფორტულად გრძნობენ თავს აივნების კონტეინერებში. ტერასას გაგილამაზებთ ზეთისხილის ხე, ფშატის ბუჩქი. არჩევანი საკმაოდ დიდია.

ზამთრის ბაღისთვის წიწვოვნები საუკეთესოა. მათ გაზაფხულზე ყურადღებას არავინ აქცევს და ზამთარში უფრო დაიფასებენ ხოლმე თავს. ხამამელისის არაჩვეულებრივი სპქტრია, დიდი ასორტიმენტით, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით და სურნელებით ყვავის იანვარ-თებერვალში. შინდის ჯიშები არსებობს ფერადი ღეროებით და მობორდოსფრო, მოყვითალო შეფერელობით. ბევრი მცენარე ზამთარში უფრო ლამაზია ვიდრე, წელიწადის სხვა დროს. ახლა, ერთი ჯიში გავიჩინე, სამოთხის ვაშლის, რომელიც დეკემბრის თვეში ფერადდება და ულამაზესი ნაყოფით იფარება. საშობაო დეკორაციებში ვიყენებ მის ტოტებს.

ბაღში არ მიყვარს არეული მცენარეების ასორტიმენტი. მირჩევნია, ჯგუფებად იყვნენ. მომწონს, როცა ერთი ტიპის მცენარეები ერთ რიგადაა დალაგებული. მაგალითად, ვარდნარი მირჩევნია ერთად დავრგო. როზმარინების და ლავანდების ჯგუფი კი ცალკე იყოს. ირმის რქების კატეგორიას სხვა ფლანგს ვუთმობ. განსაკუთრებულ აქცენტებს უნდა ელოდებოდე ბაღისგან. ზოგი დეტალი უნდა აენთოს და ჩაქრეს, მერე სხვა აინთოს. ყველა სეზონზე სხვადასხვა რამე უნდა იქცევდეს ყურადღებას. 

როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს მცენარესთან?

მცენარესთან ურთიერთობისას, დაკვირვება გვმართებს. ადამიანის არ იყოს, მასაც, სიამოვნებს ყურადღება. რა სჭირდება ამ ხეს თავი რომ კარგად იგრძნოს? - ეს უნდა ჰკითხო შენს თავს, დანარჩენს თვითონ მიგანიშნებს. ახლა მცხელა, ახლა წყალი დამისხი, აქ არ მომწონს და გადამდგი, ახლა ზედმეტი წყალი მაქვს დასხმული, ახლა სასუქი მჭირდება იმიტომ, რომ გავყვითლდი, ახალი ქოთანი მინდა, ახლა საყრდენი მჭირდება თავს ვერ ვიკავებ, მიწა შემიცვალე და, ასე შემდეგ. კაპრიზებს ადვილად მიუხვდები, როცა ყურადღებით ხარ. მტკივა, თუ უდიერად ექცევიან მცენარეებს. ადმიანს ძალიან სუსტ ჩითილს რომ მიაწვდი  და თავზე დაადებს ჩანთას, ან ისე გამოგართმევს, რომ აჭყლიტავს ფოთლებს და მანქანის საბარგულში ტენის ... ამ დროს, მართლა გული მეჭეჭყება.  განვიცდი ძალიან. როცა ვამჩნევ, რომ ადამიანი მცენარს არ მოუვლის ან ვერ მოუვლის, მისთვის აქვს აქსესუარის ფუნქცია - შეიძლება, არც კი გავატანო.

გაგვაცანით თქვენთვის ყველაზე საინტერესო ბაღი და მებაღე?

ჩემი მოგზაურობები, ძირითადად, ბაღების ნახვის მიზეზით იგეგმება ხოლმე. პერსონების მიერ გაკეთებული არაჩვეულებრივი ბაღები მინახავას ევროპაში - ზღაპრული ისტორიით, ასორტიმენტით და დამოკიდებულებებით. ამას წინათ, ბაგებში აღმოვჩნდი მოსახლეების მოწყობილ ეზოში, რომელმაც სასიამოვნოდ გამაკვირვა.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო მებაღე მიხეილ მამულაშვილია. ამას ბევრი ფიქრი არ სჭირდება. ის იყო პირველი ქართველი მებაღე, ერთადერთი და შეუცვლელი. მანამდე, ამ პროფესიის არავინ გვყოლია. მიხეილ მამულაშვილმა მოახერხა წინაპრების გამოცდილების გარეშე, ცარიელ ადგილას, ცარიელი ხელებით, სუფთა ფურცელზე აეშენებინა თავისი პატარა ბაღი მცხეთაში. ამ საქმეს მიუძღვნა მთელი სიცოცხლე. მან დაამკვიდრა - მებაღის ტიტული და ჩამოაყალიბა ქართული ბაღის სტილი.
ქართული ბაღი ბუნებრივია, თავისუფალი. წესებიდან გადახვეული, მაგრამ წესების გათვალისწინებით შექმნილი. მთავარი მახასიათბელი ინდივიდუალიზმია. ბაღში რომ შედიხარ, იმ წუთას უნდა ხვდებოდე როგორია მისი პატრონი. აი, ესაა ქართული ბაღის ხასიათი. მამულაშვილის სტილით ვმუშაობ მე დღემდე.

გვიამბეთ გარდენიას „მწვანე სკოლაზე“?

„გარდენიაში“ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი პროგრამა. ერთია, მეთუნეობის გაკვეთილები პატარებისთვის, სადაც თიხის ქოთნებს თავისი ხელით ძერწავენ, მასშივე რგავენ მცენარეებს და თან მიაქვთ. მეორეს მწვანე გაკვეთილები შევარქვით, სადაც ეცნობიან მცენარეების მოვლას და მათთან ურთიერთობას.

ადამიანს ჩემს ბაღში სტუმრობის, ჩემს სამყაროში შემოხედვის სურვილი რომ ჰქონდეს, ამისთვის ბევრს ვშრომობ და ბევრს გავიღებ. ვცდილობ, კარგად დავხვდე სტუმრებს, დავათვალიერებინო ჩემი ეზო, ავუხსნა, გავარკვიო, რწმენა მივცე... რომ მასაც გამოუვა, მასაც შეუძლია დათესოს, მასაც შეუძლია მებაღე გახდეს. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი საქმის ნაწილია.

დაგვიკავშირდით

სახელი
ტელეფონის ნომერი
E-mail*
შეტყობინება