უკან

5 რჩევა, რომელიც დაგეხმარება ახალი სახლის შერჩევაში

07.08.2019

ახალი სახლი ახალი ცხოვრების საწყისია და რა თქმა უნდა, სიახლე, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას ჩვენითვე ვიღებთ უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ძველი.

ოჯახის ენა, ხმა, სუნი - ყველაფერი რაც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი და ინტიმურია სახლს უკავშირდება. ეს ადგილია, სადაც ყველაზე თავისუფალი ხარ, ყველაზე გემრიელად საუზმობ, დადიხარ წინდების ამარა და აკეთებ იმას, რაც გინდა.

სახლის ყიდვა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცხოვრებაში ვიღებთ. ზოგჯერ თვეები, წლებიც კი გვჭირდება არჩევანის გასაკეთებლად თუ სად, რამდენ ოთახიანი, რამსიმაღლე ჭერიანი სახლი გვინდა. ხშირად წინასწარ გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი ოცნების სახლი. ოცნების ახდენა კი გვიჭირს ხოლმე, რადგან ანალოგის პოვნა თითქმის წარმოუდგენელია, ამიტომ, უმჯობესია წინასწარ გვქონდეს რეალისტური წარმოდგენა და მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება მივიღოთ. თუმცა ისევე როგორც ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, სახლის ყიდვასაც სჭირდება სულ ცოტა რომანტიკა და პატარა ახირება, რომლის ასრულება შენს ახალ საცხოვრებელს ოცნების სახლს მიამსგავსებს.

მანამდე კი რამდენიმე რჩევა, რომლების გათვალისწინებაც საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარება:

1. კარგად შეისწავლე ბაზარი

ეცადე კარგად გაეცნო უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, შეისწავლო სამშენებლო და სარემონტო მასალების, ავეჯის, ტექნიკის ხარისხი და ფასები. გადაამოწმე რამდენად სანდოა სამშენებლო კომპანია, გაიგე არქიტექტორის ვინაობა... გაითვალისწინე სხვების რჩევები მაგრამ არჩევანი თავად გააკეთე. საუკეთესო გადაწყვეტილებას კი ცოდნის საფუძველზე მიიღებ, და თუ სახლის ყიდვის შემდეგ სამეგობროში ამ თემის „ექსპერტის“ სახელი დაგერქმევა, მაშინ საუკეთესო შედეგისთვის მიგიღწევია.

2. გაწერე ბიუჯეტი

როგორც კი სახლის შეძენაზე ფიქრს დაიწყებ, კარგი იქნება, თუ შენი ასისტენტი ექსელის ფაილი გახდება, რომელშიც გაწერ ყველა მოსალოდნელ ხარჯს, არ დაგენანოს ფული ხარისხში, რადგან ხარისხი მრავალწლიანი სიმშვიდის გარანტიაა. ექსელის ფაილს მუდმივი განახლება და ცვლილებები დასჭირდება. რა თქმა უნდა, გადაცდენებიც იქნება, თუმცა ყველაფრის აღრიცხვა ხილული ფორმით მეტი კონტროლის საშუალებას მოგცემს და მნიშვნელოვან დეტალებს არ დაგავიწყებს.

3. შენი სახლი რამდენი კვადრატული მეტრია?

ერთი და იგივე კვადრატის დაყოფის უთვალავი ვარიანტი არსებობს. ასეა სახლიც. დიდი ფართი შეიძლება პირველიდან მეათეხარისხოვანი გახდეს, თუ სახლი სწორად არ არის დაგეგმილი. პროექტი კი იმდენად არის კარგი, რამდენადაც შეესაბამება ის შენი და შენი ოჯახის ცხოვრების წესს: რა დროს ატარებთ სახლში? სად უფრო ხშირად ჭამთ სახლში თუ გარეთ? იღებთ თუ არა ბევრ სტუმრებს და რა სიხშირით?  ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარება, განსაზღვრო თუ დაახლოებით რა შეფარდება უნდა იყოს ოთახების ზომებს შორის, გჭირდება თუ არა ცალკე ოთახი სამზარეულოსთვის და ა.შ. არ დაგავიწყდეს აივნის მნიშვნელობა, რომელიც შენი ბინის ისეთივე ნაწილია, როგორც სხვა დანარჩენი სივრცე.

4. მდებარეობა

როგორც წესი, წინასწარ ყველაზე კარგად ის ვიცით ხოლმე თუ სად გვინდა სახლის ყიდვა ცენტრში თუ ქალაქგარეთ? ეს გადაწყვეტილება სიტუაციას მნიშვნელოვნად ცვლის. მოიფიქრე, რა უფრო პრიორიტეტულია შენთვის, ახლოს იცხოვრო შენს სამსახურთან, მეგობრებთან თუ გირჩევნია სახლი განცალკევებული იყოს შენი გარეთ გატარებული ყოველდღიურობისგან. როცა არჩევანს ცენტრში ცხოვრებაზე აკეთებ, გახსოვდეს, რომ კარგად უნდა შეამოწმო შენი საცხოვრებელი ადგილი ხმაურიანი, მტვრიანი და უჟანგბადო არ იყოს. იშვიათი, თუმცა იდეალური ვარიანტია, თუ შენი სახლი ქალაქის ცენტრშიც იქნება და და გარშემო სიმწვანეც გექნება.

5. ეკოლოგია

დღეს თბილისში ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჰაერია, რომელიც კვლევების მიხედვით სამწუხაროდ დიდი რაოდენობით მძიმე მეტალებს შეიცავს და შესაბამისად ჯანმრთელობისთვის მავნებელია. სიმწვანე და ხეები შენი სახლის ირგვლივ ამ პრობლემას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. მოძებნე სახლი, რომლის ირგვლივაც მხოლოდ ასფალტი არ არის და ცადე ყოველდღიურად მეტი შეხება გქონდეს ბუნებრივ გარემოსთან.

და ბოლოს, აუცილებლად მოუსმინე საკუთარ თავს და გაითვალისწინე შენი ერთი ახირება მაინც, რომლის შესრულებაც არ არის აუცილებელი, თუმცა ძალიან გინდა. გააკეთე უზარმაზარი აბაზანა, იყიდე დიდ ვერანდიანი სახლი, ერთი ოთახი აქციე სავარჯიშო დარბაზად. არ მოგეჩვენოს ერთი ასეთი ახირების შესრულება სისულელედ. დამიჯერე, ბოლოს ამით აუცილებლად იამაყებ.

დაგვიკავშირდით

სახელი
ტელეფონის ნომერი
E-mail*
შეტყობინება